მართვის აკადემიის ბიზნეს ინკუბატორი!

სიახლეები მართვის აკადემიის ბიზნეს ინკუბატორი!

02 აპრ, 2018
მართვის აკადემიის ბიზნეს ინკუბატორი!

ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნეს ინკუბატორების რაოდენობა. მათ უკვე დამწყები ბიზნესის განვითარების წამყვან მექანიზმად განიხილავენ. ბიზნეს ინკუბატორების შექმნა ერთ-ერთი ის ინოვაციური სიახლეა, რასაც მართვის აკადემია მომხმარებლებს 2016 წლიდან სთავაზობს.

მსოფლიოში, ყოველწლიურად იზრდება სტარტაპების რაოდენობა. მათი გარკვეული ნაწილი კი ფუნქციონირებას ბიზნეს ინკუბატორებსა თუ აქსელერატორებში იწყებს. მსოფლიოს მასშტაბით, სტარტაპების განვითარებაზე ზრუნავს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. 2005-2015 წლებში მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 172 ბიზნეს აქსელერატორი 5,000 სტარტაპს დაეხმარა განვითარებაში. მაგალითად, ამერიკული კომპანია Y Combinator, ამ მიზნისთვის, ყოველწლიურად, საშუალოდ, 120 000 დოლარს ხარჯავს. მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან ისეთი წარმატებული კომპანიები, როგორიცაა AirBnB და Dropbox.

ბიზნეს ინკუბატორი ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, რომ მოკლე პერიოდში, დაჩქარებულად განავითარონ იდეა ბიზნესამდე. მაგალითად, თქვენ შეიძლება გქონდეთ იდეა, რომ შექმნათ აპლიკაცია, მაგრამ არ იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ დასაწყისისთვის. ბიზნეს ინკუბატორის მენტორები ეხმარებიან მომხმარებლებს, ეტაპობრივად განავითარონ იდეა და წარუდგინონ პოტენციურ კლიენტებსა თუ სპონსორებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იდეის ავტორებმა უნდა დაამუშაონ ბიზნეს მხარეც ანუ შექმნან ბიზნეს მოდელი. ეს კი გულისხმობს გაყიდვების, რესურსებისა და წარმოების დაგეგმვას. გარდა ამისა, ბიზნეს ინკუბატორის მენტორები ეხმარებიან მომხმარებლებს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაშიც, რათა მათ უკეთ შეძლონ როგორც თავიანთი იდეის წარდგენა და ინვესტორებთან ურთიერთობა, ისე გუნდის მართვაც.

ბიზნეს ინკუბატორის მსგავს ფუნქციას ასრულებს ბიზნეს აქსელერატორიც, რომელიც დამწყებ ბიზნესებს ეხმარება ინტენსიურ წინსვლაში. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა, ინოვაციური კომპანიების ცხოვრების ციკლის დაჩქარებას, რაც გულისხმობს, მაგალითად, რამდენიმე თვეში მთელ წელზე გათვლილი ეტაპების გავლას. კვლევებმა აჩვენა, რომ აქსელერატორებს აქვთ სტარტაპების მუშაობის გაუმჯობესების რეალური პოტენციალი.

მსოფლიოში არსებული ტენდენცია საქართველოშიც აქტუალურია. თანდათან იზრდება როგორც სტარტაპების რაოდენობა, ისე დაინტერესება მსხვილი კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, გაჩნდა მეტი ბიზნეს ინკუბატორის შექმნის საჭიროებაც.

უკვე ორი წელია რაც "მართვის აკადემია" ტექნოპარკთან თანამშრომლობს და ბიზნეს ინკუბატორს მართავს. აკადემიის ტრენერები ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ და იდეის ავტორებთან ყოველდღიური ინტენსიური ურთიერთობის საფუძველზე ავითარებენ პროექტებს. პროგრამის შედეგად კი შეიქმნა ორგანიზაციები, რომელთა ნაწილიც დღეს უკვე პროდუქციასაც აწარმოებს. 

"მართვის აკადემია" ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში არაერთ დამწყებ ბიზნესს დაეხმარა განვითარებაში. წარმატებულ მაგალითებს შორის გამორჩეულია „თამაშობანა“ და „გუსტავი“„თამაშობანა“ არის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს. ხოლო „გუსტავი“ ქიმწმენდისა და რეცხვის კომპანიაა, რომელიც კლიენტს ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობს. ორივე კომპანიამ პირველი ნაბიჯები სწორედ "მართვის აკადემიასთან" ერთად ბიზნეს ინკუბატორში გადადგა.

"მართვის აკადემიის" თავმჯდომარე, ქეთი ტყავაძე ამბობს, რომ ძალიან დიდია დაინტერესება კომპანიების მხრიდან. სულ უფრო მეტი კომერციული ორგანიზაცია თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარება დამწყებ ბიზნესებს და ქმნის ბიზნეს ინკუბატორებს. ორგანიზაციების მხრიდან მზარდმა ინტერესმა განაპირობა ის, რომ მართვის აკადემია უკვე უშუალოდ კომპანიებს სთავაზობს ბიზნეს ინკუბატორების ან აქსელერატორების შექმნას და სურვილისამებრ, მათ მართვაში დახმარებას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ორგანიზაციას ვასწავლოთროგორ შექმნას ბიზნეს ინკუბატორი და შემდეგ მართოს ინკუბაციის პროცესიროგორ მოარგოს ეს ყველაფერი თავის საჭიროებებს” – ამბობს მარიკა კლდიაშვილი, "მართვის აკადემიის" სტარტაპ პროექტების დირექტორი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციების მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუ ერთი კომპანია ფოკუსირდება სტარტაპებზე, მეორეს შეიძლება აინტერესებდეს უკვე არსებული ბიზნესების სწრაფი განვითარება.

როგორც ბიზნეს ინკუბატორის, ისე აქსელერატორის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მენტორები. მარიკა კლდიაშვილის თქმით, მენტორობა საკმაოდ რთული საქმეა და საჭიროებს სწავლას და გამოცდილებას. მენტორი არის ის ადამიანი, რომელიც პროგრამის ფარგლებში ჩართულია გუნდების მუშაობის მთელ პროცესში. "მართვის აკადემია" კომპანიებს მენტორების შერჩევასა და გადამზადებაშიც დაეხმარება.

"მართვის აკადემიის" გუნდის მთავარი მოტივაციაა საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი საქმის კეთება. საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი გადაწყვეტის გზას ისინი სწორედ ბიზნეს ინკუბატორების შექმნასა და ახალი ბიზნესების განვითარებაში ხედავენ.