ინოვაციური პროდუქტები

ინოვაციური პროდუქტები

 „ბიზნეს ინკუბატორი“

არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

ინკუბატორის 6 თვიანი პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომლის ფარგლებში გუნდები შექმნიან თავიანთი პროდუქტის პროტოტიპს, გააუმჯობესებენ ბიზნეს მოდელს, დაამუშავებენ ბიზნესგეგმას  და შეხვდებიან ინვესტორებს. ამ პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მართვის აკადემიასთან პარტნიორობით.

ბიზნეს ინკუბატორი შეიქმნა 2016 წლის დასაწყისში და მისი არსებობის პირველივე წელს ხელი შეუწყო 15-მდე წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბებას. ეს ბიზნესები დაიწყო მხოლოდ იდეით და შემდეგ კი…

ბიზნეს ინკუბატორის გუნდების ისტორიები

თამაშობანა

თამაშობანა არის ქართული სათამაშოების სტარტ-აფ პროექტი, რომელიც ორმა მეგობარმა, ნონა სონღულაშვილმა და ნინი ჩიქოვანმა შევქმენით. იმიტომ შევქმენით, რომ დიდ ხანს ვაკვირდებოდით ბავშვებს აიფედებით ხელში, რომლებმაც რეზინობანა და ორდროშობანა კი არა, ხშირ შემთხვევაში ეზოში თამაშიც კი არ იცოდნენ რა იყო. დავიწყეთ 2015-ში, ერთდროულად გამოვუშვით 1000 ცალი სათამაშო და სანამ იმის გაანალიზებას მოვასწრებდით, თუ რამდენად სწორად იყო თამაშები შერჩეული ბაზრისთვის და რამდენად კარგად იყო შეფუთული, ჩვენდა ბედად მოვხვდით ბიზნეს ინკუბატორში, სადაც გვერდში ძალიან ბევრი ვინმე ამოგვიდგა, მათ შორის მართვის აკადემია. სწორედ, მართვის აკადემიის ტრენინგი და მრავალი სტატუს რეფორთი დაგვეხმარა ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში, სწორი მიმართულების აღებასა და საერთოდ რეპოზიცირებაში.

ჩვენ, ინკუბატორში ყოფნის შედეგად, დავალაგეთ წარმოება, გადავაწყვეთ თამაშები, შევქმენით ნაკრებები და გავედით დიდ მასშტაბებზე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არ ‘მივედ-მოვედეთ’ ათას რამეს, არამედ ფოკუსირება მოვახდინეთ ჩვენს მთავარ საქმიანობაზე. ეს ყველაფერი მართვის აკადემიის და კერძოდ ჩვენი საყვარელი მენტორების - ვანო ნადირაძის და მარიკა კლდიაშვილის დამსახურებაა.

დღეს თამაშობანა უკვე საკმაოდ წარმატებულია. ჩვენი თამაშები იყიდება ისეთ ქსელებში, როგორიცაა სუპერი, ბიბლუსი, ნიკორა, ლიბრა. ვმუშაობთ საკუთარ კონცეპტ-მაღაზიაზე. ჩვენი ბრენდის მიმართ ცნობადობა საკმაოდ მაღალია და ჩვენც უფრო და უფრო დიდი შემართებით ვმუშაობთ ყოველ დღე. გვყავს სამი დაქირავებული თანამშრომელი, ასევე აუთსორსის გუნდი სხვა და სხვა პროექტებისთვის და გპირდებით რომ მალე საქართველოს სათამაშოების ბაზარი იქნება დატვირთული ქართული სათამაშოებით, რაც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას და მომხმარებელს.

  

გუსტავი

გუსტავის შექმნის იდეა მოგვივიდა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედით და ვლაპარაკობდით რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ადამიანი, რომელიც ჩვენს მაგივრად გააკეთებდა უსიამოვნო საყოფაცხოვრებო საქმეებს და ამით დროს დაგვიზოგავდა. მივხვდით, რომ ეს სურვილი ჩვენს გარდა ბევრ დასაქმებულ ადამიანს ექნებოდა და გადავწყვიტეთ თვითონ შეგვექმნა ასეთი “ადამიანი” - გუსტავი.

იმავე დღეს წავედით ტექნოპარკში - ბიზნეს ინკუბატორის ღია კარის დღეზე და 2 კვირაში ამ იდეით აღნიშნულ პროექტში მოვხვდით.

 მართვის აკადემიის გუნდი სწორედ ბიზნეს ინკუბატორში გავიცანით. ყველაზე დიდი მოტივაცია, რამაც ჩვენი იდეა მოქმედ კომპანიად ასე სწრაფად აქცია იყო მართვის აკადემიის რწმენა ჩვენს იდეაში და გუნდში. 

 დღეს გუსტავი უკვე ემსახურება მომხმარებლებს და სთავაზობს მათ სარეცხის რეცხვასა და ქიმწმენდას სახლიდან გაუსვლელად. მომსახურების შეძენა შესაძლებელია ონლაინ (gustav.ge), ხოლო მიწოდება გუსტავის “ლოქერის” მეშვეობით ან გამოძახებით.

WASD

მახსოვს, როდესაც პირველად ბიზნეს ინკუბატორის შესახებ გავიგეთ არც კი ვიცოდით რა მოლოდინი უნდა გვქონოდა. მანამდე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში 2-3 ჯერ ვიყავი ნამყოფი, საკმაოდ კარგ შეხვედრებზე და შესაბამისად, იმას კი ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა და შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ავდექით და შევავსეთ აპლიკაცია, გაგვიმართლა და მოვხვდით ბიზნეს ინკუბატორში.

მაგ დროისთვის ახლადშეკრული გუნდი ვიყავით, რომელსაც რამოდენიმე დაბრკოლების გადალახვა უკვე მოესწრო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ შემდგომ დაბრკოლებებს ინკუბატორის გარეშე გავუმკლავდებოდით. ინკუბატორში მოსვლამდე მობილურ თამაშებზე ვმუშაობდით, ინდუსტრიაზეც და ბიზნესზეც მხოლოდ ბუნდოვანი შეხედულება გვქონდა. აქ მენტორინგის, ტრენინგების, ბიზნესის წარმატებულ წარმომადგენლებთან შეხვედრების და ინდივიდუალური კონსულტაციების შედეგად შევუმუშავეთ და დავხვეწეთ ბიზნეს იდეა და ზოგადად ბიზნეს მიდგომა.

შევქმენით პროტოტიპი, დავწერეთ ბიზნეს გეგმა, აღმოვფხვერით უამრავი ნაკლი და ვისწავლეთ სწორი სტარტაპული, და ზოგადად, ბიზნეს აზროვნება. დღეს უკვე VR ტექნოლოგიაზე ვართ ორიენტირებული, დღე-დღეზე ვუშვებთ ჩვენს პირველ, უნიკალური კონტროლერის მქონე, VR თამაშს; ასევე გვაქვს მეორე მიმართულებაც, ვაკეთებთ ავტომობილის მართვის სუპერ რეალისტურ სიმულატორს და გვინდა რევოლუციური გარდატეხა მოვახდინოთ ავტომობილის მართვის შესწავლის პროცესზე მსოფლიო მასშტაბით. რაც ყველაზე მთავარია კი, გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა თუ რისი მიღწევა გვინდა მომავალში და როგორ ვაპირებთ ამას.

დასასრულისთვის მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო მართვის აკადემიის და ბიზნეს-ინკუბატორის მიმართ, მათ ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე და აღვნიშნო რომ ბიზნეს ინკუბატორი არ არის ოთახების და ტრენინგების ერთობლიობა, ბიზნეს ინკუბატორი არის წარმატებისკენ მიმმართველი გარემო რომელსაც ტრენერები, მენტორები და მონაწილე გუნდები ერთად ქმნიან. ჩვენ გაგვიმართლა რომ ამ გარემოში მოვხვდით.

პ.ს. სახელის შეცვლა გადავწყვიტეთ, და Black Room Games-ზე შევჯერდით. როგორ მოგწონთ? :)

Z4

ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო. როდესაც ჩვენმა უმცროსმა ძმამ ზაალიმ, თავის მეგობრისთვის, ბზის მასალისგან მაჯის საათი დაამზადა. ნამუშევარმა ყველას მოწონება დაიმსახურა, რამაც გვიბიძგა ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდებოდით. ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში გამარჯვებულ პროექტებს შორის დავსახელდით. აქ  ჩვენი ბიზნეს იდეის პრაქტიკაში რეალიზაცია დავიწყეთ, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის მართვის აკადემიის მიერ ჩატარებულ მრავალპროფილიან ტრენინგებსა და თავად ტრენერებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენს გვერდით იდგნენ და წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდნენ.

ჩვენმა ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს აქ ვართ. მეტი ცოდნით, გამოცდილებითა და ენერგიით ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ იმ მიზანს, რასაც კომპანია Z4-ის ყველასათვის ცნობად და  სასურველ ბრენდად გადაქცევა ქვია.

 

ფოტო ალბომი

გამოხმაურებები